English / ქართული / русский /
ხათუნა ბერიშვილი
საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების ტენდენციები და საფრთხეები რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში

ანოტაცია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ და გავაანალიზოთ საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ვაჭრობის, ტურიზმის, ფულადი გზავნილების, საქართველოში ოპერირებადი რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების განვითარების ტენდენციები.

ომმა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა. რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები მისი ეკონომიკის შემცირებას იწვევს, რაც იმ ქვეყნებზეც აისახება, რომლებსაც მასთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს დამოკიდებულებაზე რუსეთის ეკონომიკასთან.

საკვანძო სიტყვები: რუსეთ-უკრაინის ომი, ეკონომიკური განვითარება, საქართველო, საფრთხეები, ეკონომიკური დამოკიდებულება.

რუსეთ-უკრაინის ომამდე  რუსეთის ეკონომიკა არ გამოირჩეოდა სტაბილური განვითარების ტენდენციით. ქვეყანაში არსებულ  ეკონომიკურ თავისებურებებს სამი   ძირითადი  ტენდენცია ახლდა:

პირველი − ეკონომიკის სტაგნაცია. სტაგნაცია გამოიხატება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ნულოვან ნიშნულთან მიახლოებით. 2020 წელს რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შეადგინა 1,3%, ინდუსტრია პრაქტიკულად არ გაიზარდა, ინვესტიციები შემცირდა 0,3%-ით, მშენებლობა − 1,5%-ით, ხოლო მანქანებისა და აღჭურვილობის წარმოება − 3,4%-ით; შეჩერდა ექსპორტის ზრდა, სატვირთო მიმოსვლა; შემცირდა საწარმოების საქმიანობის ფინანსური შედეგი 14,3%-ით, ასევე შემცირდა   საფონდო   ბირჟებზე მსხვილი რუსული კომპანიების კაპიტალიზაცია. ამიტომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების  ცვლილების დინამიკის  მიხედვით, ამ პროცესს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს ეკონომიკის სტაგნაცია [1].

მეორე არის რეცესია. რეცესიაში ვგულისხმობთ ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებას. რუსეთი გადავიდა რეცესიაში 2020 წლის პირველ კვარტალში, როდესაც აშშ-სა და ევროპული საზოგადოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მის ეკონომიკას  მნიშვნელოვნად დაარტყა. ამ სანქციებიდან მთავარია ფინანსური ურთიერთქმედების შემცირება  საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან, საიდანაც რუსეთი ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარზე მეტს  იღებდა სესხის სახით [2]. 

მესამე არის სტაგფლაცია, რომელიც განსაკუთრებული უარყოფითი პროცესია ეკონომიკაში, როდესაც სტაგნაციას და რეცესიას თან ახლავს ინფლაციის დაჩქარება. ტერმინი „სტაგფლაცია“ პირველად გასული საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა, ხოლო შეერთებული შტატები 70-იან წლებში პირველად ჩავარდა დიდ სტაგფლაციაში. 70-იანი წლებში აშშ-ის ეკონომიკა,  გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად მაინც ვერ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. მხოლოდ რ. რეიგანმა მიაღწია წარმატებას. მან გამოაცხადა  ახალი ეკონომიკური პოლიტიკა,  რომელსაც ეწოდა "რეიგანომიკა". რ. რეიგანმა  მკვეთრად შეამცირა გადასახადები, დაიწყო ეკონომიკის, ტექნოლოგიური სტრუქტურის სწრაფი განახლება, პრიორიტეტი მიანიჭა  ინოვაციურ განვითარებას, გადავიდა დაჩქარებულ ინვესტიციებზე, რითაც უზრუნველყო  აშშ-ის 25-წლიანი კეთილდღეობა.

რუსეთში  2020 წელს წლიური ინფლაცია 5,1% იყო, 2013 წელს – 6,8%, 2021 წელს – 7,8%, ხოლო 2022 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს  მონაცემებით – 22%-ზე მეტი.   ინფლაცია განსაკუთრებით მას შემდეგ  გაიზარდა, რაც რუსეთს დასავლეთის მოწინავე ქვეყნებმა  სანქციები დაუწესეს, რის   შედეგადაც მხოლოდ სურსათზე ფასები 20%-ზე მეტით გაიზარდა. „შეზღუდული ღია ეკონომიკის   მოქმედებამ“  სახელმწიფო და ოლიგარქიული მონოპოლიების დომინირებით, მოთხოვნის შემცირების მიუხედავად გაზარდა სამომხმარებლო ფასები [3].  

დღევანდელ რუსეთში,  ეკონომიკური მდგომარეობა  გაცილებით უარესია, ვიდრე 2018-2019 წლების კრიზისის დროს, როდესაც მშპ შემცირდა 8%-ით, ინვესტიციები 17%-ით, საგარეო ვაჭრობა კი 40%-ით. საფონდო ბირჟაზე აქციების კურსი 4-ჯერ დაეცა, უმუშევრობა თითქმის გაორმაგდა. 

რუსეთში სტაგნაცია დაკავშირებულია შინაგან მიზეზებთან და ამიტომ აუცილებელია ამ მიზეზების გააზრება, იმის გაგება, თუ რა ძალები უბიძგებენ ეკონომიკას? 

2019  წლის კრიზისის დროს, უპირველეს ყოვლისა, დაფიქსირდა ინვესტიციების უზარმაზარი ვარდნა – 17%-ით. შემდეგ ინვესტიციები  ოდნავ გაიზარდა, ხოლო 2020 წლის შედეგები 2021 წელთან შედარებით 11%-ით დაბალი იყო.  ეკონომიკაში ინვესტიცია არის მთავარი ძალა, რომელიც უბიძგებს  მის განვითარებას, ამიტომ ინვესტიციების ზრდის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. ზოგადად ინვესტორები ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, იზრდება საქონლისა და მომსახურების წარმოება და მშპ. არსებობს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა ახალი ინვესტიციების გარეშეც, ინოვაციური ეკონომიკის ხარჯზე.   მაგალითად, რუსეთის ეკონომიკური ზრდა მოხდა XX საუკუნის 90-იან წლებში უმოქმედო შესაძლებლობების გამოყენების  საფუძველზე, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, მაგრამ ეს ზრდის რესურსი ამოიწურა.  დღეისათვის რუსეთში  ამორტიზებული ტექნიკის დონე აღწევს 50%-ს, მანქანებისა და აღჭურვილობის საშუალო მომსახურების ვადა 14 წელია. ძველი აღჭურვილობის ეფექტიანად გამოყენება შეუძლებელია, მას მუდმივად ესაჭიროება კაპიტალური რემონტი, რაც  შრომის დიდ ხარჯებს იწვევს. ძველი ტექნო­ლოგიები მოითხოვენ მეტ ელექტროენერგიას, მასალებს, შრომის დანახარჯებს და უფრო დაბალი  პროდუქტიულობით ხასიათდებიან. ანუ ინვესტიციებზე დაზოგვის მცდელობა იწვევს დიდ ზარალს, ამიტომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთს აქვს ნაკლები შესაძლებლობა განვითარდეს  ექსტენსიური გზით, რადგან  ის ტექნოლოგიურად ჩამორ­ჩენილია   [4].

მეორე ფაქტორი არის კაპიტალის გადინება. 2019 წლის კრიზისამდე იყო კაპიტალის შემოდინება. 2018 წელს ამ შემოდინებამ 43 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2021 წლის კრიზისის დროს ქვეყნიდან მოხდა 133 მილიარდი დოლარის ინვესტიციების  გადინება. სულ რაღაც 6 წელიწადში ქვეყნიდან 575 მილიარდი დოლარით მეტი კაპიტალი  გავიდა, ვიდრე შემოვიდა [2].  რამ გამოიწვია   კაპიტალის ასეთი დიდი გადინება?  უპირველეს ყოვლისა ინვესტიციური აქტივობის ნეგატიურმა გარემომ: ბიუროკრატიამ, კორუფციამ, არასაიმედო სამართლებრივმა  სისტემამ.   მეწარმეები   ზეწოლას  განიცდიან, განსაკუთ­რებით ძალოვანი უწყებების მხრიდან – რუსეთში ყოველი მეექვსე მეწარმე არის  დაპატიმრებული ან გამოძიების ქვეშ,   ნორმები და კანონები არ არის დაცული, ამიტომ მრავალმა ბიზნესმენმა დაიწყო თავისი კაპიტალის ქვეყნიდან გატანა   [5].

მესამე ფაქტორი, რამაც გამოიწვია სტაგნაცია, იყო ეკონომიკური ზრდის შენელება  და  ნავთობის ფასების ვარდნა. 2015 წლიდან 2018 წლამდე ბარელი ნავთობის ფასი რვაჯერ გაიზარდა. 1998 წელს ბარელი ნავთობი 12 დოლარი ღირდა, 2008 წელს კი – 95 დოლარი. აქედან გამომდინარე  რუსეთის ექსპორტი ნახტომისებურად გაიზარდა, 2010 წლიდან 2018 წლამდე ქვეყანამ ექსპორტით მიიღო  2 ტრილიონი დოლარის   შემოსავალი, საიდანაც 1,5 ტრილიონი დოლარი  არის შემოსავალი არა შრომის, არამედ ფასის გამო. რადგანაც ნავთობი  რუსეთის ექსპორტის 56%-ს შეადგენს, ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების ნახევარი მოდის ნავთობისა და გაზის  ექსპორტიდან. 2018 წლის კრიზისის შემდეგ კი ნავთობის ფასმა თითქმის არ მოიმატა და მაქსიმუმ 114 დოლარს მიაღწია, ე.ი. ის მხოლოდ 1,5%-ით გაიზარდა 5 წლის განმავლობაში.  რუსეთმა დაკარგა ზრდის წყარო და როდესაც ნავთობის ფასმა 2018 წლის მეორე ნახევარში დაიწყო ვარდნა, შემცირებული ექსპორტი  ეკონომიკური განვი­თარების მუხრუჭად გადაიქცა. როდესაც 2020 წელს ნავთობის ფასი 65 დოლარამდე დაეცა,  რუსეთის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2020 წელს  ბიუჯეტმა დაკარგა მთელი ექსპორტის შემოსავლის 25-30% ძირითადად ნავთობის ფასის განახევრებით და ნაწილობრივ –  გაზის ექსპორტის ფასისა და მოცულობის შემცირებით [6].

ამ სამი ფაქტორის გარდა, ეკონომიკა იკლებს  მისი  არაეფექტიანი სტრუქტურის გამო.  რუსე­თის ეკონომიკაში დიდი წილი უკავია ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მასალების წარმოებას. ეს ის  სექტორია, რომელიც მსოფლიოში თითქმის არ იზრდება. მსოფლიოში მეტალურგიული პროდუქციის ზრდის ნაცვლად სინთეტიკური მასალების წარმოება იზრდება. ეროვნულ ეკონომიკაში უნდა იყოს  მრეწველობის იმ დარგების დიდი ნაწილი, რომელიც სწრაფად იზრდება  და რომლის პროდუქტებზეც მზარდი მოთხოვნაა. მაგალითად, „ცოდნის ეკონომიკა“ ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მთლიანი შიდა პროდუქტის დონე. ევროპაში ის  იკავებს 35%-ს, ამერიკაში – 40%-ზე მეტს. მეორე  სფერო, რომელიც მსოფლიოში სწრაფად იზრდება, არის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები, რომლებიც ასევე მცირე წილს იკავებს  რუსეთის ეკონომიკაში.  იმისათვის რომ ეკონომიკა გაიზარდოს, აუცილებელია პროგრესული ინდუსტრიების წილის ზრდა იმ დარგების, რომლებიც განვითარების ლოკომოტივები არიან. თუ ბოლო წლების ეკონომიკურ პოლიტიკას გავაანალიზებთ,  შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ   სანქციებმა გააუარესა და გააღრმავა  რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა. 

ცხადია ისიც, რომ რუსეთის ეკონომიკური არასტაბილურობისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია. რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას  და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ  კი ქართული პროდუქციის ექსპორტი აიკრძალა, იმავე წლის ბოლოს   საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. 2019 წლის 20 ივნისს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შეწყდა ფრენები.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია  გავაანალიზოთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია.  

2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე დაკვირვება კიდევ უფრო აქტუალური გახადა. რუსეთზე დაწესებული მკაცრი სანქციები მისი ეკონომიკის შემცირებას იწვევს, რაც იმ ქვეყნებზეც აისახება, რომლებსაც მასთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ. 

საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებლი არის საგარეო ვაჭრობა.2022 წლის იანვარ-ივნისში, ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი – 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ასეთი ზრდის მიუხედავად, რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.8%-დან 11.4%-მდე შემცირდა. ამის მიზეზი საქართველოს საგარეო ვაჭრობის სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად ზრდაა, თუმცა ცალკე აღებული რუსეთიდან იმპორტის წილი ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია.2022 წლის იანვარ-ივნისში რუსულ ბაზარზე ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო 86 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა ღვინო 58 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 184 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა ბუნებრივი აირი 40 მლნ აშშ დოლარით, ქვანახშირი და კოქსი 30 მლნ აშშ დოლარით, ხორბლის ფქვილი 29 მლნ აშშ დოლარით. ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 55% (131 მლნ აშშ დოლარის) რუსეთში გავიდა. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო. მიუხედავად იმისა, რომ იანვარ-ივნისში რუსეთში ღვინის ექსპორტი 3%-ით შემცირდა, ჯამური ექსპორტის მეტად შემცირების გამო (4.2%-ით) საბოლოოდ რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში გაიზარდა. ჯამური ღვინის ექსპორტის შემცირება დიდწილად მარტიდან უკრაინის ბაზარზე  ქართული ღვინის ექსპორტის შეწყვეტამ განაპირობა. რუსულ ხორბალზე და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება ასევე მაღალია. 2021 წელს რუსეთიდან 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% იყო. 2022 წლიდან ხორბლის იმპორტი ხორბლის ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადის გამო, იმპორტიორებმა ხორბლის ფქვილის შემოტანა არჩიეს, რომელიც საბოლოოდ უფრო იაფი გამოდის. ჯამში რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილმა საქართველოს ამავე საქონლის მთლიან იმპორტში 95% შეადგინა [9].

2021 წელს  საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი რუსეთიდან მხოლოდ 1.8% იყო, ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი მისი წილი 25%-ს შეადგენდა.  2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 3.5% იყო,]  ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი –  49%.

განსხვავებული სიტუაციაა ბუნებრივი აირის]  იმპორტში. მაგალითად, 2018 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს საქართველოს ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში 2.8% წილი ეკავა (ღირებულების მიხედვით). 2020 წელს ეს მაჩვენებელი 12.2%-მდე გაიზარდა, 2021 წელს კი 23.1%-ს მიაღწია.  ამასთან, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ მომწოდებლად აზერბაიჯანი რჩება, საიდანაც 2022 წლის იანვარ-ივნისში 192 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა, რაც საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 83% იყო [7].

უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 16%-ით შემცირდა და 163 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მარტ-ივნისში რუსეთში ექსპორტის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 9.1% შეადგინა, როცა 2021 წლის იმავე თვეების მაჩვენებელი 14% იყო. ამავე პერიოდში რუსეთიდან იმპორტი 57%-ით გაიზარდა. რუსეთიდან იმპორტის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 12.8% შეადგინა [9].

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ქართული ექსპორტის შემცირება ძირითადად ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების გაყიდვების კლებამ განაპირობა. კერძოდ, ღვინის ექსპორტი 17%-ით (7.6 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა, ხოლო მინერალური და სხვა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი – 46%-ით (15 მლნ აშშ დოლარით). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში, რომელიც გაორმაგდა და 12 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 რომ შევაჯამოთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, ხოლო რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება გაიზარდა. რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია [9].

„კოვიდ 19-ის“ პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგადაც საქართველომ დაახლოებით 776 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.პანდემიის გამო 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა. 2021 წელს რუსეთიდან 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ქვეყანაში დაახლოებით 152 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს.2022 წელს დაიწყო  რუსეთიდან ვიზიტორების ინტენსიური ზრდა. მიმდინარე წლის მარტიდან საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების სრულად მოხსნისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი გაიზარდა. იანვარ-ივნისში რუსეთიდან 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, თუმცა 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 2022 წლის ანალოგიურ თვეებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2.8-ჯერ ნაკლები იყო. ვინაიდან 2020-2021 წლებში პანდემიის გამო ტურიზმი ძალიან შემცირებული იყო, მიმდინარე წელს ტურიზმის ზრდის ტემპის შეფასებისთვის უფრო ადეკვატური 2019 წელთან შედარებაა.2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2020-2021 წლების მაჩვენებელს აღემატება, მაგრამ 2018-2019 წლების მაჩვენებელზე ნაკლებია.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორებისგან საქართველომ 219 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია. საქართველოში შემოსული ვიზიტორებისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლის წილი 2022 წლის 6 თვეში 19.1% იყო, 2019 წლის  ანალოგიური მაჩვენებელი კი 30% იყო [10].

საქართველოსთვის შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყაროა რუსეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმორიცხული თანხები. ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენციით აღინიშნა. მაგალითად, 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან უცხოურ გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2021 წელს – 17.5%.  2022 წელს ფულად გზავნილებში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია. იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში  ირიცხებოდა  თვეში საშუალოდ 24 მლნ აშშ დოლარი. გზავნი­ლებმა სწრაფი ზრდა აპრილიდან დაიწყო, როცა 133 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაისში  ამ მაჩვენებელმა 314 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ივნისში კი – 231 მლნ დოლარი. ჯამში 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში 750 მლნ აშშ დოლარი გამოიგზავნა, რაც წინა წლების წლიურ მაჩვენებელზეც კი მეტია. ამის შედეგად, რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი საქართველოს მთლიან ფულად გზავნილებში 42%-მდე გაიზარდა. ასეთი მაჩვენებელი ბოლოს 2015 წელს იყო. მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი ნაკადებია, რომლებსაც თავიანთი ქვეყნიდან უგზავნიან ფულს ან/და თავად გადმოაქვთ საკუთარი დანაზოგი. როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სიტუაციას და დაწესებულ სანქციებს გაურბიან, მათი ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად დარჩა [11].

ბოლო წლებში რუსეთიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციები მასშტაბური არ იყო. მაგალითად, 2017-2021 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს ჯამურ უცხოურ ინვესტიციებში 4.4% იყო. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში სულ 307 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, თუმცა საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 38% ოფშორებიდან[vii] შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული. 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მატების ნაცვლად, 11.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა [11].

საქართველოში  რუსული კომპანიები ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ. საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოში 13,500-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. აღნიშნული კომპანიების 74% 2018-2022]  წლებშია რეგისტრირებული. 2022 წლამდე ერთ წელიწადში კომპანიების მაქსიმალური რაოდენობა  (1,180 კომპანია) 2018 წელს დარეგისტრირდა. 2020-2021 წლებში პანდემიის გამო რუსული კომპანიების რეგისტრაცია შემცირდა, 2021 წელს კი სულ 920 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.  2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრირებამ მნიშვნელოვნად მოიმატა, რაც ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 190 რუსული კომპანია დარე­გისტრირდა, მარტში – 2,140, აპრილში – 1,563, მაისში – 1,351 და ივნისში – 1,175.  ჯამში 2022 წლის მარტ-ივნისში საქართველოში 6,419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა. ამგვარად, 2022 წლის მხოლოდ მარტ-ივნისში დარეგისტრირდა იმაზე 7-ჯერ მეტი კომპანია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში [11].

საქართველოს   მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება და ბაზრების დივერსიფიკაციაა. ამ მიზნით აუცილებელია რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად  საქართველომ   უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება; სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის; საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში მაღალი წილი არ უჭირავს, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდეს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Аганбегян А. Г. Инвестиционный  кредит – главное звено преодоления спада в социально-экономическом развитии России // Деньги и кредит. 2022. №4. С. 3–11.
  2.   Аганбегян А. Г. Стратегическая задача России – ускорение социально-экономическом развитии России // Экономиче- ские стратегии. 2022. Т. 15. №7. С. 14–19.
  3. Хаксли О. О. дивный новый мир. М.: АСТ, 2014.
  4. Галелюка   М.   Направления   развития   малого   и   среднего   бизнеса. R  : https://nv.ua/biz/experts/napravleniya-razvitiya-malogo-i-srednego-biznesa-
  5. Соколова М. Доля малого и среднего   бизнеса   в   ВВП   России недостаточна.      URL: https://www.pnp.ru/economics/dolya-malogo-i-srednego-biznesa-v-vvp-rossii-nedostatochna-zayavili-v-schyotnoy-palate.html
  6. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსი, https://cutt.ly/WT7ZTXe
  7.  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსი, https://cutt.ly/TKFHtro
  8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსი, https://cutt.ly/TKFHtro
  9.  „საქსტატი“, საგარეო ვაჭრობის პორტალი, http://ex-trade.geostat.ge/ka
  10.  საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა. საქართველოს ეროვნული ბანკი 2023.  
  11. „საქსტატი“ წლიური ანგარიში. თბილისი, 2022.